სამახსოვრო პროფესიული სტუდენტებისათვის!
ძვირფასო სტუდენტებო
კოლეჯის სახელით გილოცავთ სტუდენტობას და გვიხარია რომ თქვენი არჩევანი ჩვენს კოლეჯს დაუკავშირეთ.
იმედი გვაქვს რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, რომელსაც თქვენი და ჩვენი ერთობლივი შრომით მივაღწევთ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში, სადაც კეთიგანწყობილი გარემო, კვალიფიციური მასწავლებლები, საუკეთესო ინფრასტრუქტურა და საინტერესო ცხოვრება გელოდებათ.
სსიპ კოლეჯი „ახალ ტალღა“ გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას, რაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
პროფორიენტაცია და კარიერა - კოლეჯს ჰყავს სტუდენტური სერვისებისა და კარიერის მართვის მენეჯერი, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეხმარება, მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის, საგანმანათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.
სტუდენტური სერვისებისა და კარიერის მართვის მენეჯერი
სტუდენტური სერვისებისა და კარიერის მართვის მენეჯერი მუდმივად ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე. სასწავლო პროგრამები შექმნილია დამსაქმებლების უშუალო მონაწილეობით. პროფესიულ მასწავლებელთა უმეტესობაც მომავალი დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. მათთან გაფორმებულია მემორანდუმები და ხელშეკრულებები, რაც უზრუნველყოფს სრულფასოვანი პროფესიული პრაქტიკის გავლას. ყოველივე ეს ქმნის თითოეული სტუდენტის წარმატებული დასაქმების წინაპირობას.
ჩვენი ურთიერთობა სტუდენტებთან არ მთავრდება საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებით ან დიპლომის გაცემით, ყველა კურსდამთავრებული აღირიცხება შესაბამის მონაცემთა ბაზაში და ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ პროფესიულ განვითარებას. კოლეჯი პერიოდულად აწყობს დასაქმების ფორუმებს, წარჩინებულ სტუდენტებს აძლევს განსაკუთრებულ რეკომენდაციას, რითაც ხელს უწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას პარტნიორ ორგანიზაციებში.
საკონსულტაციო მომსახურება - კოლეჯში შეგიძლიათ მიიღოთ საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ფარგლებში მომუშავე პირები, არსებულ პროფესიულ სტუდენტებს უწევენ კონსულტირებას და ეხმარებიან მათ სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.
შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია და კონსულტაციები რეგისტრაციის, ჩარიცხვის, სასწავლო პროცესის ორგანიზების, პრაქტიკების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში. გაიცემა ცნობები, საჭირო დოკუმენტაცია სტუდენტის სტატუსის, აკადემიური მოსწრების შესახებ და სხვ.
სამედიცინო მომსახურება - კოლეჯში სამედიცინო მომსახურებისთვის გამოყოფილია სპეციალური სივრცე. სტუდენტებს ემსახურება კვალიფიციური ექთანი, რომელიც ყოველთვის მზადაა პირველადი დახმარების გასაწევად. ამისათვის არსებობს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყველა პირობა.
სერვისი შშმ პირებისათვის - კოლეჯი ქმნის პირობებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის განათლების მისაღებად და ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრირებას. კოლეჯში ამ მიმართულებით მუშაობს ორი სპეციალისტი.
გადაადგილების უნარშეზღუდულ პირებს თავისუფლად შეუძლიათ მივიდნენ ყველა აუდიტორიასა და კაბინეტში. მათთვის მოწყობილია პანდუსები, ლიფტები, გამომდინარე აქედან ხელმისაწვდომია ყველა სახის სერვისი. დაცვისა და სამედიცინო სამსახურები საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევენ აღნიშნულ პირებს.
ბიბლიოთეკა - კოლეჯს გააჩნია ბიბლიოთეკა, რომლის წიგნსაცავში დაცულია მოდულებში მითითებული ყველა სასწავლო ლიტერატურა, ხელმისაწვდომი ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით. სამკითხველო დარბაზში განთავსებულია ინდივიდუალური სამუშაო მაგიდები და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები. ბიბლიოთეკაში შესაძლებელია მასალების დასკანერება, ასლების გადაღება და ამობეჭდვა. კვალიფიციური ბიბლიოთეკარი ყოველთვის მზადაა მკითხველთა დასახმარებლად. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 9:30 - 18.00 საათამდე.
კოლეჯში შეგიძლიათ ისარგებლოთ IT ლაბორატორიებით, აღჭურვილი თანამედროვე კომპიუტერებით, ინდივიდუალური სამუშაო მაგიდებით, მუდმივი ინტერნეტით.
ინტერნეტი - თქვენ შეგიძლიათ კოლეჯის მთელ ტერიტორიაზე ისარგებლოთ უკაბელო ინტერნეტით.
საერთო საცხოვრებელი - კოლეჯს აქვს საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისათვის. აქ განთავსდებიან სხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტები. საერთო საცხოვრებელს აქვს დამოუკიდებელი სამზარეულო და სველი წერტილები.
ღონისძიებები - გარდა ხარისხიანი განათლების მიწოდებისა, კოლეჯი ზრუნავს სტუდენტურ ცხოვრებაზე და სწავლის პერიოდში სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის პროექტს, ინტელექტუალურ, გასართობ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებს.
დაცვის სამსახური - კოლეჯში არსებობს დაცვის სამსახური, რომელიც აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით და ოცდაოთხსაათიან რეჟიმში უზრუნველყოფს დაწესებულების შენობის დაცვას. ის ემსახურება უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს შშმ/სსსმ პირებს.